ასოციაცია „კავკასნათი“ წარმოადგენს მცირე ბიო მეთხილე ფერმერთა გაერთიანებას, რომელიც 2020 წლის იანვარში, რამდენიმეწლიანი თანამშრომლობის გამოცდილების მქონე, ზუგდიდის, წალენჯიხისა და ვანის მუნიციპალიტეტების 8 კოოპერატივისა და 1 ფერმერთა არაფორმალური ჯგუფის ინიციატივით დაარსდა.
ასოციაციის ხედვით, საქართველოში თხილის სექტორის განვითარება და სოფლად მცირე მეთხილე ფერმერთა სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება ფერმერული მეურნეობების დონეზე ბიოწარმოების/აგროეკოლოგიის პრინციპებისა და ხარისხის მართვის სისტემების დანერგვის, ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის, წარმოებისა და გასაღების დონეზე ფერმერთა კოოპერაციის მეშვეობით მიიღწევა.
ასოციაცია „კავკასნათის“ ამოცანებია:
- თხილის მწარმოებელ ფერმერთა სერტიფიცირების ხელშეწყობა ბიო და Fairtrade სტანდარტების შესაბამისად;
- სერტიფიცირების სისტემაში ჩართული ფერმერების დახმარება პროდუქციის წარმოებისათვის აუცილებელი რჩევებითა და ტექნიკური მხარდაჭერით;
- ბიო და Fairtrade სერტიფიცირებული თხილის ფასნამატით რეალიზაციის ხელშეწყობა დაინტერესებული საბაზრო პარტნიორების მეშვეობით;
- მეთხილე ფერმერთათვის აუცილებელი სხვადასხვა მომსახურების განვითარებისა და მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობა.
ასოციაციის ბიზნესმოდელი ხელს უწყობს ადამიანებისა და ბუნების ჰარმონიულ თანაარსებობას, ფერმერების, მათი ოჯახების, მუშახელისა და ადგილობრივი თემების ფინანსური, სოციალური და გარემო პირობების გაუმჯობესებისა და მათი აგრარული ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების დაცვას. თავისი საქმიანობის ფარგლებში, ასოციაცია იცავს მწარმოებლების, მუშახელის, თანამშრომლებისა და ბავშვთა უფლებებს და სპეციალური პროცედურების მეშვეობით უზრუნველყოფს სამართლიან ანაზღაურებას, გენდერულ თანასწორობას, ბავშვთა და/ან იძულებითი შრომის, ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციისა და ნებისმიერი ფორმის ძალადობის აღმოფხვრას.
ასოციაციის საქმიანობის პრინციპებია:
- ეკოლოგიური აზროვნება
- გამჭვირვალობა
- უწყვეტი გაუმჯობესება
- წევრებთან და სავაჭრო პარტნიორებთან უკუკავშირი
- პასუხისმგებლობის გაზიარება
